ნუკრიანის რელიეფი
ნუკრიანი მდებარეობს ცივ- გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე.
სიმაღლობრივი გავრცელება სოფლის სხვადასხვა უბანში (ზღვის დონიდან) განსხვავებულია, რაც იმით აიხსნება, რომ სოფელს რთული, გორაკ-ბორცვიანი რელიეფი ახასიათებს.
ნუკრიანს ეკუთვნის სოფელ ჭოტორის ტერიტორიაც. სწორედ ჭოტორშია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი სიღნაღის რაიონში-1100 მეტრამდე.
ამ ადგილს მოსახლეობა ,,ნიშანს” უწოდებს. როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობისა და მტერთა შემოსევის გამო აქ კოცონს ანთებდნენ და ამით ნიშანს აძლევდნენ სოფლის მოსახლეობას მტრის შესახვედრად მომზადებულიყვნენ. აქვეა აღმართული სატელევიზიო ანძა.
სოფლის ცენტრი ზღვის დონიდან 900 მეტრამდეა. თუ სიღნაღისკენ მიმავალ მთავარ საავტომობილო გზას გაუყვებით მკვეთრად იგრძნობა, რომ სოფლის სიმაღლობრივი მდებარეობა თანდათან მცირდება. ეს ტერიტორია ზ.დ -იდან 800-იდან 700 მეტრამდეა.
სოფელს ჩრდილოეთიდან ამაყად დაჰყურებს კახეთის კავკასიონის ჭაღარა მწვერვალები.
ფერდობების დახრილობის ხარისხი სხვადასხვა უბანში განსხვავებულია.
ჭოტორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მკვეთრად ეშვება ყარაბუღას ხევი.
სოფელს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან გაუყვება კარდიახის ხევი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ციხითვიანების (ციხოკინას) ხევი, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ახალწყლის ხევი. ჭოტორ-ნუკრიანს ჩრდილოეთიდან შერეული ტყე აკრავს.
ბოლო 15 წლის მანძილზე ხეების ხელაღებული ჩეხვის გამო ტყის მასივი საგრძნობლად შემცირდა.
ამას ემატება ერთიდაიგვე ტერიტორიის საძოვრების მიზნით გამოყენება ხანგძლივი დროის განმავლობაში. მწვანე საფარი აღდგენას ვეღარ ასწრებს, მომრავლდა შიშველი გორაკ-ბორცვები სოფლის შემოგარენში. ზოგან კი გვხვდება ჩამოშლილი ქანები.
ბუნებისადმი ასეთმა არასწორმა დამოკიდებულებამ სოფელი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დააყენა.
შეიცვალა ჰავა, მოიმატა მეწყერმა და ზოგიერთ ადგილას ბუნებრივი სასმელი წყალი გაქრა.
სოფლის რელიეფური თავისებურებებიდან გამომდინარე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მწვანე საფარის დაცვას და მის აღდგენას.
ამ პრობლემის გადასაჭრელად ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე
მოსწავლეები ვრგავთ ახალ ნერგებს სოფლის ტერიტორიაზე. ასევე ვასუფთავებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიას.
სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით სკოლაში შეიქმნა „მწვანე ყუთის’’ . მოსწავლეები აგროვებენ მაკულატურას, რაც ხელს შეუწყობს უამრავი მცენარის სიცოცხლის შენარჩუნებას.
სკოლისა და სოფლის თვითმმართველობის ორგანიზაციის ინიციატივით ხშირად ეწყობა დასუფთავების აქციები.
ყოველწლიურად, შემოდგომობით და გაზაფხულობით სკოლის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსწავლეები ვრგავთ ნერგებს, რაც ხელს შეუწყობს არა მარტო გარემოს გამწვანებას, ასევე მეწყრული მოვლენების შეჩერებას.
ნუკრიანის ჰავა
რელიეფის თავისებურებები,მათ შორის ზღვის დონიდან მდებარეობა, ივრის ზეგნის მეზობლობა, შავი ზღვიდან დაშორება - აი ძირითადი ადგილობრივი ფაქტორები ნუკრიანში ჰავის ჩამოყალიბებისა. კავკასიონის ქედი სოფელს იცავს ჩრდილოეთიდან მონაბერი ცივი ჰაერის მასებისაგან. ჭოტორ-ნუკრიანი გამოირჩევა საუკეთესო ჰავით. აქ ყალიბდება კონტინენტური კლიმატი - ზომიერად ნოტიო, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივად თბილი, ზოგჯერ კი ცხელი, გვალვიანი ზაფხულით. ივლისის თვის საშუალო ტემპერატურა +23 ,ხოლო იანვრის თვის საშუალო ტემპერატურა -20, -30 გრადუსია.
სოფელში იანვარში წლის განმავლობაში სჭარბობს დასავლეთის და სამხრეთ- დასვლეთის ქარები, სამხრეთ- დასავლეთის ქარებს ყოველთვის მოსდევს სიმშრალე, რაც სოფლის მეურნეობას დიდ ზარალს აყენებს.
რელიეფიდან გამომდინარე სოფელში სჭარბობს ხეობის ქარები, რომელთაც აქვთ დაღმავალი ხასიათი. ხშირად ხეობაში წვება ნისლი, მაგრამ ტემპერატურულ ინვერსიას ადგილი არ აქვს: ხეობის და მაღლობი ადგილის ტემპერატურათა შორის სხვაობა უმნიშვნელოა.
ნუკრიანში ზამთარი ხშირად ნოემბრის პირველი რიცხვებიდან იწყება. იანვარ - თებერვალში ტემპერატურა ეცემა -9, -13 გრადუსამდე. ყინვები ხშირად დეკემბრიდან მარტის ბოლომდე გრძელდება.
ცაცხვი
ზამთარში
თოვლის საფარი მყარია და დიდხანს ძევს.ზოგჯერ მაისშიც კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსია.
ულამაზესია სოფელი გაზაფხულობით , როდესაც თოვლის საფარი მხოლოდ დაჩრდილულ ადგილებშია შემორჩენილი. ველ-მინდვრებს მოედება გაზაფხულის მახარობელი ენძელა და მას მოჰყვება ყოჩივარდა, ფურისულა,ია.
აპრილსა და მაისში იმატებს ნალექების რაოდენობა. ბუნება თანდათან მწვანე სამოსელში ეხვევა. ყვავილობს ხეხილი.
ივნისში მკვეთრად მატულობს ჰაერის ტემპერატურა.
ნუკრიანში ყველაზე ცხელი და მშრალი თვეები ივლისი და აგვისტოა. ხანგრძლივი გვალვა უარყოფითად მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე.
ზოგჯერ ჰაერის ტემპერატურა +39, +40 გრადუსამდეც კი აღწევს.
სექტემბრის შუა რიცხვებიდან იკლებს ჰაერის ტემპერატურა, იმატებს ნალექების რაოდენობა. წინა მხრის სოფლებისაგან განსხვავებით ჩვენთან რთველი ოქტომბრის დასაწყისში იწყება და თვის ბილომდე გასტანს ხოლმე.
ცხენის ძუძუ
ნოემბერში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. (+7, +8). ბუნება ჯადოსნური ფუნჯით ღებავს მიდამოს.
ულამაზესია წელიწადის ამ დროს ნუკრიანის გორაკ-ბორცვებ.
ჩვენი სკოლის ეზოში ხარობს ჭადარი. საოცარი ხეა ულამაზესი ვარჯით.ის ფოთლებს გვიანობამდე ინარჩუნებს. კარგი იქნება თუ ნუკრიანში ამ ხეს მოვამრავლებთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
სტიქიურ მოვლენათა შორის, ჩემი სოფლისათვის, ყველაზე მავნებელი სეტყვაა, რომელმაც არაერთხელ მიაყენა ზარალი სოფელს, მის მოსახლეობას.
გლობალურმა დათბობამ ჩემი სოფლის კლიმატზეც იმოქმედა. უჩვეულოდ ცხელი იყო 2000 წლის ზაფხული. ასეთი გვალვა ღრმად მოხუცებულებსაც კი არ ახსოვთ. ხანგრძლივმა უნალექობამ, მაღალმა ტემპერატურამ თავისი კვალი დატოვა მრავალწლოვან ნარგავებზე. ნუკრიანი და მთელი კახეთის რეგიონი ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადდა.
ზამთარი აღარ არის ისეთი უხვთოვლიანი, როგორიც ახსოვთ ხანდაზმულ ადამიანებს. ჩრდილოეთიდან მონაბერი ცივი ჰაერის მასები წარმოქმნის ჭირხლს და ლიპყინულს, რაც საზიანოა ნათესებისათვის, ართულებს ტრანსპორტის მოძრაობას.
ნუკრიანის ბუნებრივი რესურსები
ნუკრიანში ცალკეული უბნების სახით გავრცელებულია შავმიწა ნიადაგები, ადგილ-ადგილ თიხნარი და ქვიშნარი ნიადაგები.
ქვედა სარტყლის ტყის ზონაში გვხვდება კარბონატული ნიადაგები, ასევე ქვიშაქვები და თიხები.
სოფლის ლანდშაფტს ქმნის დაბალი მთები და მთის წინა შლეიფები, რცხილნარ-მუხნარი ტყეები.
ჭოტორ-ნუკრიანს ჩრდილოეთიდან შერეული ტყე აკრავს, რომელიც მდიდარი იყო მრავალფეროვანი მცენარეული საფარით და გარეული ცხოველებით. ხეების უმოწყალოდ ჭრამ სოფლის ბუნებას უდიდესი ზიანი მიაყენა: შემცირდა ფლორისა და ფაუნის სახეობები, დაშრა წყაროები, ან შემცირდა ქანებიდან გამომავალი წყლის რაოდენობა.
ჭოტორის ტყეში, მცირე გორაკიდან გამოედინება წყარო, სახელად ყარაბუღა.
გადმოცემის მიხედვით სოფელს თათრები შემოესივნენ. თათრების წინამძღოლს შავი ბუღა ჰყოლია, რომელსაც თათრულად ,,ყარა-ბუღას’’ უწოდებდნენ (,,ყარა’’ თათრულად შავს ნიშნავს). ეს ბუღა თათრებს წყაროსთან ებათ. მისი შიშით მოსახლეობა წყაროს ვერ ეკარებოდა. როცა თათრები წავიდნენ ბუღაც წაიყვანეს, მაგრამ ხალხს მაინც არ დავიწყებია ეს ამბავი და ამ წყაროსთვის ყარაბუღა უწოდებია. საშუალო მთის ფერდობიდან ეშვება წყაროს ანკარა წყალი. ფერდობები ტენის მოყვარული ხავსით არის დაფარული, გვხვდება სუროც და ეს ყველაფერი ულამაზეს ეკოსისტემას ქმნის.
კარდიახის ხევში მიედინება იგივე სახელწოდების წყარო.
ლეგენდის მიხედვით ჭოტორი ტყეებითა და სუფთა ჰაერით ოდითგანვე იზიდავდა დამსვენებლებს. ერთხელ დამსვენებლები ტყეში სეირნობდნენ, მათ წყალი მოსწყურდათ. ერთი ქალი ხევში ჩასულა, იქნებ იქ წყალი ვიპოვოო. ის წყაროს მიადგა დალია, მოეწონა და თანამგზავრებს გასძახა: მოდით წყალი ვიპოვეო! მათ გამოსძახეს: კარგიაო? ქალმა უპასუხა: კარგია, დიახო! ამის გამო ამ წყლისათვის კარდიახი უწოდებიათ.
მოგვიანებით სოფლის მცხოვრებლებმა კარდიახის წყალი დააგუბეს, შექმნეს პატარა წყალსატევი, რომელსაც თევზის მოსაშენებლად იყენებდნენ.
ბუერას წყალი ღრმა ხეობაში მდებარეობს.
ქანებიდან გმომავალი წყალი ადგილზე გროვდება. ამ ადგილზე გამრავლდა ტენის მოყვარული მცენარეები, მათ შორის ბუერა.ამიტომ დაერქვა წყაროს ,, ბუერა”.
მოურავის წყარო - გამოდის ტყეში ჭილაანთ გუბის მახლობლად.ლეგენდის მიხედვით ერთხელ მოურავს გლეხები ტყეში გაუგზავნია შეშაზე. შუადღე, რომ მომდგარა გლეხებს წყალი მოსწყურებიათ. დიდი ხნის ძებნის შემდეგ უპოვიათ ბუჩქებში მოწანწკარე წყარო და რადგან ტყეში მოურავის გაგზავნილები იყვნენ, წყაროსათვის ,,მოურავის წყარო” უწოდებიათ.
კეკვიას წყალი - ნუკრიანის სამხრეთით აღმოუჩენია კეკვია კრაწაშვილს. (ცხოვრობდა ჭოტორში).
მირაულა-ლეგენდის მიხედვით წყაროს მახლობლად რუსეთის ჯარი დაბანაკებულა. ერთ-ერთ ჯარისკაცს სასმელი წყლის ძებნა დაუწყია. უცებ შეუნიშნავს ქანებიდან გამომავალი რძისფერი აქაფებული წყალი და დაუყვირია: ,,მილა, ურა!” რაც რუსულად ნიშნავს: ,,ვაშა საპონი!’’ წყაროს კი სახელწოდება-მირაულა შემორჩა.
ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია სოფლის ტერიტორიაზე გავრცელებული ქვიშები, რომელსაც მოსახლეობა ,,სამოვრის ქვიშას’’ უწოდებს. მას იყენებენ ლითონისაგან დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთების გასაწმენდად.
სოფლის ერთ-ერთი ბუნებრივი სიმდიდრე ჰაერია, რომლის მაცოცხლებელი ძალა სოფლის ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე იგრძნობა.
ნუკრიანს დიდი პერსპექტივა გააჩნია ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის.
სოფლის ერთ-ერთ უბანს - ჭოტორს აქვს ცივ გომბორის ქედის თხემზე და კალთებზე ულამაზესი მდებარეობა , საიდანაც ხელისგულივით ჩანს ისტორიული ქალაქი სიღნაღი და ალაზნის ველი.აქ ყველა პირობაა იმისათვის რომ ჭოტორი ჩამოყალიბდეს როგორც კურორტი.
ნუკრიანის ფლორა და ფაუნა
სოფლის ფლორა სავალალო მდგომარეობაშია, იშვიათობას წარმოადგენს მაღალმთის მუხა, ქართული მუხა, აკაკის ხე.
უსისტემო გაჩეხვის შედეგად შემცირდა თელა, წიფელი, იფანი, ცაცხვი, წითელი კუნელი, ქართული თხილი. ხევებში ხარობს მაყვალი, ზღმარტლი (იხ. ფოტო ???), კვრინჩხი (გარეული მურაკი), მაჟალო.
გორაკ-ბორცვებზე გვხვდება ძეძვი, ჯაგრცხილა, შინდი, ასკილი.
ბალახოვან მცენარეებიდან გვხვდება: ბაბუაწვერა, თავშავა, კრაზანა, ჭინჭარი, სალბი, გვირილა, ფარსმანდუკი, ანწლი, მრავალძარღვა, სამყურა, ჭანგა, ქრისტესისხლა, ბაია, ვირისტერფა და სხვა სახეობები.
ბაღებში ხარობს ვაშლი, მსხალი, კომში, ქლიავი, ხურმა, კარალიოკი, ბროწეული, ჭერამი და სხვა ხეხელი.
სოფლის კლიმატს შესანიშნავად შეეგუა დაფნა.
ლარიქსი
წიწოვანებიდან: კედარი, სოჭი, ლარიქსი, კვიპაროსი. რაც შეეხება ფიჭვს ის არ არის გარემოს მიმართ განსაკუთრებილი მომთხოვნი.
სოფლის ტერიტორიაზე გავრცელებულია ენდემები: კავკასიური ფიჭვი და ელდარის ფიჭვი. იშვიათად გვხვდება აღმოსავლური ნაძვი.
ეს მცენარეები განსაკუთრებულ ყურადღებას და დაცვას მოითხოვს.
უკვე მეექვსე წელია სკოლის ეზოში იზრდება უნიკალური ენდემური სახეობა - უთხოვარი და ჩიტავაშლა.
უთხოვარი
ჩიტავაშლა
იგი ერთადერთი წიწოვანი მცენარეა, რომელიც გირჩებს არ ივითარებს. ეს სახელწოდება მცენარეს თამარ მეფემ უწოდა. მან ინახულა ბაწარის ტერიტორიაზე უთხოვარის ულამაზესი კორომები. ნანახით აღფრთოვანებულმა დედოფალმა ბრძანა: ეს ხემცენარე არ გასხვისდება, იგი უთხოვარიაო.
ეზოებს ამშვენებს შემდეგი დეკორატიული მცენარეები: ვარდი, სუმბული, ნარცისი, შროშანი, ლილია,გეორგინა, ასტრა, მოსკვინი, ჟაბო, ქრიზანთემა, ჰორტენზია, ხმალა, დეკორატიული გვირილა და სხვა.
სუმბული
იუკა
ტყის მასივების ჩეხვამ ცხოველებს მოუსპო საიმედო თავშესაფარი. შემცირდა ხოხობი, მწყერი, გუგული, ბოლოქანქარა, ციყვი და სხვა სახეობები.
ხოხობი
მწყერი
გვრიტი
კაკაბი
სოფელში გავრცელებულია შაშვი, ქორი, მიმინო, ყვავი, მწყერჩიტა, წიწკანა,მელა, ტურა, მგელი, მურა დათვი, ველის გველგესლა, ტყის თაგვი მაჩვი, ზღარბი, კვერნა, ტყის ბაყაყი, გომბეშო, ვაზის ლოკოკინა, ჭიაყელა, უამრავი მწერი, ობობასნაირი და სხვა.
მელა
მგელი
კურდღელი
ნუკრიანის ტერიტორიაზე უწინ მრავლად ყოფილა გავრცელებული ირემი და შველი.
ამაზე მეტყველებს ლეგენდა სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment