კულტურა

                                                         კულტურული ძეგლები

  ნუკრიანში ორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა. ზემო ნუკრიანში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აგებულია მე-16 საუკუნეში. ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა 1989 წელს.

                                             
                                                წმ. გიოგის ეკლესია მე-16 საუკუნე


  ეკლესიის ტერიტორიაზეა საფლავის ქვები, რომლებიც თარიღდება მე-19 საუკუნის დასაწყისით და მე-20 საუკუნის დასასრულით. ქვემო ნუკრიანში აგებულია მეორე- წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი.(აგებულია მე-19 საუკუნეში) აღდგენილია 1980 წელს.

                                               წმ. გიორგის ეკლესია მე-19 საუკუნე
  ნუკრიანის ტერიტორიაზეა ქაშუეთის ეკლესია, რომელიც აგებულია მე- 12 საუკუნეში. აღდგენილია 1984 წელს. სკოლის ტერიტორიაზე, იქ სადაც დღეს სკოლის შენობაა, იყო ძელიცხოვლის ეკლესია,აქვე იყო სასაფლაოც. სამწუხაროდ ეს ეკლესია საბჭოთა რეჟიმის დროს დაანგრიეს.


                                 ნუკრიანის ადათ - წესები და დღესასწაულები

  უძველესი და თვითმყოფადია სოფლის ადათ - წესები.  ჩვენი წინაპრები ღვინოს ქვევრებში აყენებდნენ. შემდეგ ყველა ქვევრიდან, ზედა შრიდან ღვინოს იღებდნენ და ცარიელ ქვევრში აგროვებდნენ. ეს იყო საუკეთესო ხარისხის ღვინო, რომელსაც ,,ზედაშე” უწოდეს (ანუ ,,ზედნაშენი”). შემდეგ ამ ღვინოს ეკლესიას შესწირავდნენ. მტერთა შემოსევის დროს ხალხი ეკლესიაში ვეღარ მიდიოდა. თავის ეზოში აკურთხებინებდა მოძღვარს ,,ზედაშეს”, სანთელს ანთებდა ქვევრთან, ლოცულობდა და უფალს სამშობლოსა და ოჯახის კეთილდღეობას შესთხოვდა.


  დღესაც სოფელში ყველა ოჯახს აქვს თავისი ზედაშე, სადაც ლოცულობენ და საკლავს კლავენ. ზედაშე შეიძლება იყოს, როგორც საცხოვრებელი სახლის ეზოში, ისე მისგან მოშორებითაც. ეს ტრადიცია მთელს საქართველოში მხოლოდ ქიზიყისათვის არის დამახასიათებელი.


  განსაკუთრებულად ხვდება სოფლის მოსახლეობა ახალი წლის დადგომას საახალწლო სუფრისათვის მზადების თადარიგს რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. მეკვლე ოჯახში, რომ შემოვა შემდეგი სიტყვები უნდა წარმსოთქვას: ,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა!” ახალ წელს ყველა თავის ოჯახში ხვდება, შემდეგ კი ნათესავებს, ახლობლებს ეწვევიან და ულოცავენ ამ დღესასწაულს.            
  განსაკუთრებულად ხვდებიან აღდგომის დღესასწაულს. პარასკევს იღებება კვერცხები.ზოგიერთ ოჯახში ცხვება პასკა- ასე უწოდებენ ნამცხვარს, რომელსაც საგანგებოდ აღდგომისათვის ამზადებენ. მაგიდაზე მიტანის წინ გარს შემოუწყობენ წითელ კვერცხებს და ისე მიიტანენ სუფრაზე. აღდგომის დღეს შემხვედრს აუცილებლად ეტყვიან: ,,ქრისტე აღსდგა!”, რომელმაც ასე უნდა უპასუხოს: ,,ჭეშმარიტად!”. მოსახლეობის ნაწილი აღდგომის დღესასწაულს ღამისთევით ხვდება წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში, რომელიც ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში (შუახანებში) ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს განსასვენებელ ადგილზე დაფუძნდა.
   აღდგომიდან შემდგომი დღე, როგორც მთელს საქართველოში, ისე ჩემს სოფელშიც აღინიშნება როგორც მიცვალებულთა მოხსენიების დღე. ამ დღეს ხალხი მიდის საფლავზე და პატივს მიაგებს გარდაცვლილ ახლობლებს და ნათესავებს.
  სოფელში განსაკუთრებულად ხვდებიან გიორგობას. აქ წმ. გიორგის სახელობის ორი ტაძარია და, სამწუხაროდ, არცერთი არაა მოქმედი. ამ დღეებში ორივე ტაძარი სავსეა ხალხით. სანთლებს ანთებენ და უფალს სამშობლოსა და ოჯახების კეთილდღეობას შესთხოვენ.


                                                     ნუკრიანის ენა-დიალექტები

  ჩვენს სოფელში ჩაწერილი კახური დიალექტები განსაკუთრებული თვითმყოფადობით გამოირჩევა .ქიზიყთან დღესაც აშკარად გამოკვეთილი მეტყველება და სიტყვის ფორმებია დაკავშირებული. ჩვენს სოფელში შემდეგი კუთხური დიალექტებია გავრცელებული: შამო - შემოდი
                               შადი - შედი
                               ჩამაიტა - ჩამოიტანე
                               ჩამაიღე - ჩამოიღე
                               ჩამოიდა - ჩამოვიდა
                               გამაიღე - გამოიღე
                               გამაატანა - გამოატანა
                               მემეშველნენ - მომეშველნენ
                               მემეწონა - მომეწონა
                               მემენატრა - მომენატრა
                               დემეცა - დამეცა
                               იგეთი - ისეთი
                               მემრე - შემდეგ
                               რო - რომ
                               გო - გოგო
                               ჯო - ბიჭო
                               ბაბო - ბებია
                               იმითვინ - იმისთვის.


                                                                        რეწვა

  ნუკრიანში ხალხური რეწვა  ხალხური ხელსაქმე ტრადიციულ ოჯახებს წესად მოსდევდა თაობიდან თაობას გადმოეცემოდა. რთვა-ჩეჩვა, ქსოვა, ქარგვა, კერვა ოჯახში ყველა ქალს და უპირველეს ყოვლის გასათხოვარ ქალებს უნდა სცოდნოდათ. პატარძალს თავისი ნახლსაქმარი ხურჯინ-ჯეჯიმები და წინდები თან უნდა წაეღო ქრმეულებისთვის საჩუქრად. ამავე დროს, ქმრის სახლში მისულ პატარძალს უნდა მოექსოვა დაწყებული წინდა, რომელიც იქ დახვდებოდა - ეს ერთგვარი გამოცდა იყო. ახალდაბადებულ გოგონას ხელს შეახებინებდნენ თითის ტარს, ჯარა ტარს, მაკრატელს რომ ხელსაქმის სიყვარული დაჰბედებოდა. ქვემო ნუკრიანში არიან ოჯახები, რომლებიც დიდხანია თუნუქისაგან ღუმელს ამზადებენ და ამ გამოცდილებას თაობიდან თაობას გადასცემენ (ბეროშვილები, ხმალაძეები, ოტიაშვილები).


  ტიკს ციკნის ტყავისაგან ამზადებენ (ტყავი მარილისა და შაბის ნაზავით 21 დღის განმავლობაში გამოჰყავთ). ტყავს დეზიმფექციის მიზნით ბალანს აჭრიან და კუპრს უსვამენ, შემდეგ გადმოაბრუნებენ, საიას გამოავლებენ, გაბერავენ და რამდენიმე დღით მზეზე ჰკიდებენ. ხარის ტყავისაგან მზადდება რუმბი, რომელიც 400-500 ლიტრ ღვინოს იტევს.
  2007 წელს ,,კავკასიური სახლისინიციატივით დვვ ინტერნატიონალ-ის, გერმანული ფონდის Diakonisches Werk-ის, ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ნუკრიანში  შეიქმნა ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოები. ამ სახელოსნოებში დასაქმებული არიან თემში მცოვრები ქალებირომლებიც შემდეგ სათემო ორგანიზაციის წევრები გახდნენ. პროექტის ფარგლებში 17 ქალმა შეისწავლა ხელსაქმე (ჭრა-კერვა, ქვილთი, თექა, ქსოვა, აბრეშუმის ქაღალდის დამზადება, ღებვა, ეროვნული და თანამედროვე თოჯინების დამზადება, სიმინდის ფუჩეჩით წვნა, ფარდაგის ქსოვა). ჩატარდა მრავალი სასწავლო ღია კურსი და ორი წლის განმავლოვბაში 50 ქალმა შეისწავლა სხვადასხვა ხელობა. პროექტის დასრულების შემდეგ ,,კავკასიურმა სახლმა''  სახელოსნოების ინვენტარი, პროდუქცია, მარკეტინგული ნიშანი (ლოგო) გადასცა სათემო კავშირ ,,ნუკრიანს''.


  სახელოსნოებში  წარმოებული თექისა და ქვილთის პროდუქციის   რეალიზაციას  ახდენს სათემო კავშირი, რამაც გაააქტიურა მისი საბანკო ანგარიშები, საგრძნობლად გაზარდა სათემო კავშირის შემოსავლები;
 ,,ნუკრიანის სახელოსნოები'' არის წარმატებული სოციალური საწარმო მინიმუმ ორი თვალსაზრისით: სახელოსნოებში დასაქმებული ქალებისათვის მას აქვს ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა.
   ქვემოთ მოყვანილი სურათები სწორედ ნუკრიანის სახელოსნოების პროდუქციას ასახავს.











                                

                                                ეთნოგრაფიული ეზო
                                                
  2012 წელს სათემო განვითარების ცენტრის და პოლონური ორგანიზაცია B4 მიერ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ბიზნესის სტარტისთვის" ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი მცირე ბიზნეს-პროექტი: თამუნა ყალაბეგაშვილის ეთნოგრაფიული ეზო სოფელ ნუკრიანში.
  





   აქედან ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება. ეს სილამაზე მრავალ ტურისტს მაგნიტივით იზიდავს.

                                        
                                                      "ნუკრიანობა"




  სოფელში უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიურად ფესტივლის ჩატარება. პირველად "ნუკრიანობა" 2009 წელს მოეწყო, სათემო კავშირი "ნუკრიანის"  ინიციატივით. 
  ფესტივალის მიზანია: ხელი შეუწყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული პროცესების გააქტიურებას, შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარებას, არსებული სახელოსნოების და ხალხური რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციას, ტრადიციული ხელობების წარმოჩენას, მუნიციპალიტეტის კულტურული სერვისების გაუმჯობესებას და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნებას.
  ფესტივალს ყოველწლიურად მრავალი სტუმარი ჰყავს, როგორც მეზობელი სოფლებიდან ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან. 
  ფესტივალზე წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის ნიმუშები და ნუკრიანის სახელოსნოების ნაკეთობები, რომლებიც ფესტივალზე მისულ დამთვარიელებელს შეუძლია შეიძინოს. ასევე წაროდგენილია კულინარია და აგრობაზარი. 
   
















  ფესტივალზე იმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი. რამოდენიმე ფესტივალში უშუალოდ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.

                                
      "ნუკრიანობაზე" იმართება ჭიდაობა და ფარიკაობა.

















                                                    სამზარეულო

   უწინ ხშირად ამზადებდნენ "ხავიწს" ახლა გასწავლით მის დამზადებას: ხახვი და ზეთი მოვდაღოთ, დავამატოთ ადუღებული წყალი და შევაზილოთ ფქვილი. ვურიოთ სანამ კარგად არ მოიშუშება. ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა ხორბლის ფაფა, ჭინჭრისა და ბალბის მხალი, ქუმელი. ქუმელი მზადდებოდა ხორბლის სიმინდის ან ქერისაგან. ხორბალი უნდა მოვშუშოთ და დავფქვათ. დავამატოთ შაქრიანი წყალი და მოვზილოთ. ცომისგან პატარა ბურთულებს ვამზადებდით და სუფრაზე ისე მიგვქონდა. ნუკრიანში როგორც ქიზიყის სხვა სოფლებში დამახასიათებელია ისეთი კერძების მომზადება როგორიცაა: ხინკალი, მწვადი, ჩაქაფული, ხაშლამა და სხვა. საახალწლო სუფრა ირთვება გოზინაყით, ხმელი ხილით, ქათმის ან ინდაურის საცივით და გოჭით.  

                                             
                                            ნუკრიანის ცნობილი ადამიანები

  ნუკრიანს მრავალი ცნობილი ადამიანი ჰყავს აღზრდილი.მათ შორის : დათო კრაწაშვილი , მერი ბარნაბიშვილი , თენგიზ მორჩიაული , გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილი, ნაირა გელაშვილი და მრავალი სხვა.
         
                                                დათო კრაწაშვილი (1963 – 1980).

მას პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა, 17 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის თავის წასვლასაც გრძნობდა: “გასვენების დღეს იქნება წვიმა, წვიმის წვეთებიც დამიტირებენ, დამასვენებენ თბილისის მიღმა და, ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”… სულისშემძვრელი და ნათელი სევდითაა დაღდასმული დათოს სურათები: “ცხოვრების წრე”, “ავდარი დასავლეთში”, “გალაკტიონი”, “ბარათაშვილი”, “ბეთჰოვენი”, “მათხოვარი”, “ადამიანი და სამყარო”, “დაბადება”…













    დათომ დატოვა 1000-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო სისტემაზე. 17 წლის მხატვრის ფენომენალური შემოქმედებითი ნიჭის გამო 1988 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სმიტსონის საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა დაამტკიცა წარდგინება და 3146 ნომრით ცნობილ პლანეტას უწოდა “დათო”.
  
                                                              მერი ბარნაბიშვილი

  "აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე"
აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე,
თუ არაფერი არის საჭირო, 
ან გაგაღვიძო ხანდახან ღამით 
და უჩემობით მწარედ გატირო. 
ეს სიყვარული ღირს ნეტავ იმად,
რომ ყველაფერი მისთვის გავწირო, 
რომ გავუმკლავდე ლექსების წყურვილს
და შენი ხვედრი გაინაწილო. 
აქ ყოფნის ნიშნად დავტოვო რამე, 
თუ არაფერი არის საჭირო, 
თუ გაგაღვიძო ხანდახან ღამით 
და უჩემობით მწარედ გატირო.
                                                       
                                                                თენგიზ მორჩიაული 
  
  თენგიზ მორჩიაული იყო ადამიანი, რომლის დანახვა ძალიან უხაროდათ სოფლის მკვიდრთ. მას ლექსების წერის უნარის გარდა ჰქონდა იუმორის გრძნობაც. იგი სასწაულ ხუმრობებს იგონებდა და უყვებოდა საზოგადოებას სოფელში.

  "მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი გუშინ"
მე შენზე დიდხანს ვფიქრობდი წუხელ,
ვიყავი სავსე ღვინით და მთვარით
და მაგ პატარა, ხორბლისფერ მუხლებს
ვეფერებოდი ცრემლიან თვალით.
შენი თმები და მკლავები მსურდა
და მელეოდა უშენოდ გული...
ჩემი ჩურჩული და ხშირი სუნთქვა
შორს, სიბნელეში მიჰქონდა დუმილს,
და შავი ფრთებით მოსილი შიში
სულში ტოვებდა ტკივილზე ტკივილს...
და ვქანაობდი გატეხილ ძილში,
ვით მდინარეში ჩაშლილი ტივი.
ვიყავი ღვინით და მთვარით სავსე,
კრთოდა დუმილი მღვრიე და ნელი...


                                                    გიორგი (ლუდა) ქუფარაშვილი


  ანსამბლიმრავალჟამიერიგასული საუკუნის 60-იან წლებში ჩამოყალიბდა. მისი პირველი ხელმძღვანელი, გიორგი(ლუდა) ქუფარაშვილი იყო.
  1962-63 წლებში მას სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა, 1972 წელს კი - ლაურეატის. გიორგი ქუფარაშვილის ხელმძღვანელობის დროს დაამუშავეს და შეადგინეს ხალხური სიმღერების დიდი კრებული: ,,მრავალჟამიერი“, ,,ჩაკრულო’’, ,,ჩონგურო’’, ,,წინწყარო“, ,,შენ ბიჭო ანაგურელო“, ,,შაშვი კაკაბი“, ,,ბინდის ფერია სოფელი’’, ,,სხვათა მოჯამაგირეობა“, ,,სატივეზე ტივი შევკარი“, ,,ქართველ დედას“, ,,შინმოუსვლელო, სადა ხარ“, ,,კალოს პირული“, ,,ბერიკაცი ვარ“, ,,გაფრინდი შავო მერცხალო“, ,,მუმლი მუხასაოდა .. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი და მისი წევრები მივიწყებული ფოლკლორული სიმღერების აღდგენაზეც მუშაობდნენ.
  
                               
                               
                                     ნაირა გელაშვილი( 1947წ. 28 ოქტომბერი ).



  ნაირა გელაშვილი ჩვენი სოფლის საამოყო პიროვნებაა. ის ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწეა. ქალბატონი ნაირა იყო ,,კავკასიური სახლის’’ დირექტორი,კავკასიის ხელოვანთა გილდიის გამგეობის წევრი და საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თანათავმჯდომარე.
 გამოცემული აქვს წიგნები: „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“, „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, „მე ის ვარ“, და სხვა. ნაირა გელაშვილი „საბას“ ორ გზის ლაურეატია. მან პირველად 2010 წელს მიიღო „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე". ხოლო მეორედ-საუკეთესო რომანისთვის „მე ის ვარ".
            ქალბატონ ნაირას ძალისხმევით გარემონტდა და კეთილმოეწყო ჩვენი სკოლა და      
         სოფლის ამბულატორია. მან დიდი დახმარება გაუწია სოფლის  მოსახლეობას.
         მატერიალურად დაეხმარა ადამიანებს და ბევრიც დაასაქმა. მისი დამსახურებაა,
         რომ სკოლაში ფუნქციონირებდა უფასო სასწავლო წრეები: უცხო ენა, ჭადრაკი,
         ეკოლოგია, დრამწრე, დეკლარაცია, ქართული ხალხური სიმღერების და ცეკვის
         შემსწავლელი კლუბი. ზაფხულში ორგანიზაცია გაუკეთა საზაფხულო ბანაკს,
         რომელსაც გარდა დასვენებისა ჰქონდა სასწავლო - შემეცნებითი ფუნქციაც.
         ეწყობოდა ექსკურსიები კახეთის რეგიონში.


No comments:

Post a Comment