ისტორია

                                   ინფორმაცია ნუკრიანის წარმოშობის შესახებ

  სიღნაღისა და მის რაიონის სოფლების წარმოქმნამდე, გაცილებით ადრე ამ მიდამოებში არსებობდა ,,ქიზიყი” (ხისიყი, ხისიხი), რომელიც მოიცავდა ,,ქიზიყის გზაზე” მეტად მჭიდროდ განლაგებულ ქართულ დასახლებებს. ,,ქიზიყი” თავდაპირველად მაღარო-ნუკრიან -,,ქიზიყის გორის'' ფარგლებს ემთხვეოდა, შემდეგ კი მხოლოდ ,,ქიზიყის გორას” გულისხმობდა და ქართლ-კახეთის აღმოსავლეთის კარის ციტადელად ითვლებოდა. სწორედ ამ მიდამოებში ჯერ კიდევ მე-4 საუკუნის შუახანებში, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს განსასვენებელ ადგილზე, დაფუძნდა იბერიის ერთ-ერთი უდიდესი სამლოცველო წმინდა ნინოს მონასტერი. ამიტომ თავის დროზე მირიან მეფეს ამ რაიონის საგანგებოდ გამაგრება და გამშვენიერება უბრძანებია, რისთვისაც სამეფო განძის ნახევარი გაუღია. ძველი კამბეჩოვანი მხარის უდიდესი ნაწილი რამდენჯერმე ძირფესვიანად გაუნადგურებიათ ბექა ყაენსა და შაჰ-აბას პირველს. ამიტომაა, რომ აქ ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ,,ნაქალაქარი”, ,,ნაომარი”, ,,ქვევრის მიწები”, ,,ნასაყდრალები”, ,,ნაკალოვრები”.
   ისევე როგორც მთელ საქართველოში ადამიანი უხსოვარი დროიდან ცხოვრობს სოფელ ნუკრიანის მიდამოებში. მიკვლეულია 3 ათასი წლის წინანდელი ნაქალაქარი,4 ნამოსახლარი ბორცვით. ასევე, ჭოტორში მდებარე ორმოსამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. მე-9 _ მე-8 ს. ბრინჯაოსტარიანი რკინის მახვილი. სიღნაღის მუზეუმში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფილიალში) დაცულია ნუკრიანის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან დამზადებული შუბის პირი.

                                    

 ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის მე-2 ექსპონატის დათვალიერებისას ჩანს, თუ რა დიდი სიზუსტით და გულმოდგინებით ამზადებდნენ ჩვენი წინაპრები საბრძოლო იარაღებს. მუზეუმში ინახება ასევე ლახტისთავი და სატევარი, რომელიც ნუკრიანის ტერიტორიაზეა ნაპოვნი. ეს ექსპონატები თარიღდება ძვ. წ. მე-2 ათასწლეულის პირველი ნახევარით.

                        ლახტისთავი

                         

                    სატევერი   

                                                                     
    ძვ.წ.  მე-2 ათასწლეულის პირველი ნახევარი,  სოფელი ისტორიულ წყაროებში ნუკრიანის სახელწოდებით მე-18-ე საუკუნიდან მოიხსენიება. ნუკრიანელი და ჭოტორელი გლეხი, ქიზიყელ გლეხკაცთან ერთად სიკვდილამდე იმეორებდა:

 ,,არც არავის ყმა ვყოფილვარ,
 არც არვინ ყმადა მყოლია,
 ძველი პური, ძველი ღვინო,
 წლიდან წლამდე გამყოლია!''

  მრავალსაუკუნოვანი მძიმე ისტორიული პირობების წყალობით ქიზიყის და მათ შორის ჭოტორ-ნუკრიანის მშრომელ მოსახლეობაში იმთავითვე დამკვიდრდა ჭირსა და ლხინში ერთიანი მოქმედების მტკიცე ტრადიცია, რაც ვახუშტი ბაგრატიონმა შესანიშნავად აღწერა თავის ნაშრომში: ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”.

                                              ლეგენდა ნუკრიანის შესახებ

  სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ასეთი ლეგენდა არსებობს: სადაც დღეს სოფელია გაშენებული ძველად გაუვალი ტყე ყოფილა, სადაც მრავლად ბინადრობდა ირემი და შველი. მონადირეები მათზე ხელაღებით ნადირობდნენ. დაობლებული ნუკრები ღამით ტყის პირას გამოდიოდნენ და საწყალობლად ბღაოდნენ. ტყე თანდათან გაკაფეს და ამ ადგილას რამდენიმე ოჯახი დასახლდა. მათ შორის ყოფილა ერთი მოხუცი თავისი ახალგაზრდა ვაჟით. ერთხელ შვილი სანადიროდ წასულა, მოუკლავს შველი, ეზოში მიუტანია და თავად ქოხში შესულა, მოხუცმა მამამ შენიშნა,რომ მოკლულ შველს ნუკრი მოყვებოდა. დაინახა, როგორ მიუახლოვდა ცხოველი მოკლულ დედას,თავი თავზე დაადო და დაიბღავლა. ეს, რომ მოხუცმა დაინახა,შვილს დაუძახა და უთხრა:  წაიღე შვილო, აქედან ამ საცოდაობას ნუ მაყურებინებ, ნუკრიანი რომ იყო, არ შეგეცოდა, რატომ მოკალიო !
  გავიდა ხანი.ამ ადგილზე მოსახლეობა გამრავლდა.დაარსდა სოფელი,რომელსაც
,,ნუკრიანი" უწოდეს.

No comments:

Post a Comment