ადგილმდებარეობა

                                                           
  ჩემი სკოლის ეზოში დგას საუკუნის გადაცილებული ცაცხვი, რომელიც მძლავრი ფესვებით ჩასჭიდებია მშობლიურ მიწას და ამაყად გადასცქერის სოფლის ულამაზეს სანახებს .


  ვეხები მის მრავლისშემსწრე ბებერ სხეულს. ასე მგონია, მანაც ჩამიხუტა, უზარმაზარი ენერგია მიწილადა და მაიძულა მეფიქრა იმაზე, თუ საიდან მოვდივართ, ვინ ვიყავით და ვინ ვართ. დავყურებდი მის დაკოჟრილ ფესვებს, რომელიც თითქოს მომიწოდებს შევიცნო ის მიწა, წყალი, ჰაერი,ის ცოცხალი სამყარო, რომელიც მასაზრდოვებს.ჩემი ფესვებიც ხომ ამ ცაცხვივთ ჩემს სოფელში-ნუკრიანშია.
   სოფელი ნუკრიანი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში-ქიზიყში. ტერიტორიულად ეკუთვნის სიღნაღის რაიონს. თბილის-კახეთის გზატკეცილის 98-ე კილომეტრზე, მთავარი გზიდან მარჯვნივ იწყება სიღნაღის რაიონის ტერიტორია, რომელც ცივ-გომბორის მთებით ორ ნაწილად იყოფა: წინა მხრისა და უკანა მხრის სოფლებად. უკანა მხრის ერთ-ერთი დიდი სოფელია ნუკრიანი.


  ნუკრიანი მთიანი ქიზიყის ყველაზე მაღლა განლაგებული სოფელია.


  სოფელს წაგრძელებული ფორმა აქვს და გაფენილია ცივ-გომბორის ქედზე. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ 8 კილომეტრის მანძილზე. სიღნაღიდან სოფელი 5 კილომეტრით არის დაშორებული. სოფლის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 410 , 65’ ა.გ. 450, 95’. სოფელი ქალაქ სიღნაღიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ნუკრიანიდან იშლება ულამაზესი ხედი ცივ-გომბორის ქედის მთავარი წყალგამყოფი ზურგის დასასრულთან, სადაც მკაფიოდ გამოკვეთილ და მოხდენილ მაღლობზე გაშენებულია ისტორიული ქალაქი სიღნაღი, რომელსაც გარს აკრავს ორ ნახევარ კილომეტრზე მეტი სიგრძის ციხე-გალავნის უმტკიცესი ქვითკირის კედლები.


  სწორედ აქედან დანახულმა ულამაზესმა ხედებმა დააწერინა ქართველ პოეტს - იოსებ ნონეშვილს შემდეგი სტრიქონები:
   ,,ყველგან უხვი და კარგია
    ქართული მზე და მიწა
    მაგრამ დღემდე თუ ვერ ნახე
    პირიმზე ალაზნისა,
    არ მოგხვდა შუქი სიღნაღის
    კახეთის დედოფლისა,
    მაშ ერთი სხივი დაგაკლდა,
    დიდი ქართული მზისა”.
   ნუკრიანიდან ხელისგულივით მოსჩანს დიდებული ალაზნის ველი, რომელიც ღია ცის ქვეშ დადგმული ისტორიულ-ზღაპრული დრამის გრანდიოზულ სცენას მოგაგონებთ. ამ ,,სცენაზე” უწინ მართლაც იდგმებოდა სისხლიანი დრამები.

                        


                                           ნუკრიანის ადგილმდებარეობის გეგმა 

  ნუკრიანს სამხრეთით ესაზღვრება ისტორიული სოფელი-ზემო მაღარო, ჩრდილო-აღმოსავლეთით ქალაქი სიღნაღი, ჩრდილო-დასავლეთით ჭოტორი. სოფელი გაშენებულია 21კმ2 -ზე.


  სოფლის მთავარი უბნებია: ქვემო ნუკრიანი, ზემო ნუკრიანი, გიგინაური, მარტაანი და ნუკრიანის კალოები. ყველაზე მჭიდრო დასახლებაა მთავარი საავტომობილო გზის ორივე მხარეს. სავტომობილო გზა ხელახლა მოასფალტდა და გაფართოვდა. სოფელი უზრუნველყოფილია ელქტროენერგიით და ბუნებრივი აირით. მაგისტრალური გზა ღამით განათებულია. ნუკრიანი სიღნაღის მოსაზღვრე სოფელია, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სოფელი აქტიურად ჩაებას პერსპექტიული ქალაქის ცხოვრებაში. სოფლის ცენტრში მდებარეობს კეთილმოწყობილი და თანამედროვედ აღჭურვილი საჯარო სკოლა.


  სოფელში ,,კავკასიური სახლისა” და სათემო კავშირ ,,ნუკრიანის'' მეშვეობით სოფლის მოსახლეობისათვის უამრავი სასიკეთო პროექტი განხირციელდა და ახლაც მიმდინარეობს .


  სოფლის ცენტრში გაშენებულია სკვერი. აქ ხარობს კედარი, სოჭი, ფიჭვი, ჭადარი.
განსაკუთრებით ლამაზია ეს ტერიტორია ზამთარში, როდესაც წიწოვანებს დაათოვს და მიდამო თეთრ საბურველში ეხვევა.


  სოფლის ცენტრში მდებარეობს ამბულატორიაც, რომელიც გარემონტდა და კეთილმოეწყო.
 მანძილი თბილისიდან სოფლის ცენტრამდე 115 კილომეტრია.

No comments:

Post a Comment